English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
პანდემიის გავლენა ეკოლოგიურ პრობლემებზე მსოფლიოში

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხს - ეკოლოგიას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს პანდემიის პირობებში. აქ გაანალიზებულია ზოგადად ეპიდემიების და კერძოდ კორონავირუსის ფონზე ეკოლოგიაში წარმოქმნილი ცვლილებები, რომლებიც დღეს შეიძლება დადებითადაც კი აღიქმებოდეს: ჰაერის დაწმენდა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, წყლის რეზერვუარების გასუფთავება, გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირება, ატმოსფეროს გაწმენდა და ა.შ. მოყანილია საინტერესო ციფრობრივი მასალა.თუმცა, საყოველთაო კარანტინი როცა დასრულდება და ყოველივე ეს ძველ ნიშნულებს დაუბრუნდება, რისი მაგალითებიც მსოფლიოში მოიძებნება.

ძნელია იმის თქმა, რომ პანდემიას, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე მიაქვს, რაიმე დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ სრულიად ნათელია, ეს მართლაც ასე ხდება და, რა თქმა უნდა, ამას ხანმოკლე პერიოდი აქვს.

 მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ბუნებას ნამდვილად გააჩნია თვითაღდგენის უნარი, თუკი ადამიანი მას თავისდა საზიანოდ არ შეუშლის ხელს.

საკვანძო სიტყვები: ეკოლოგია, პანდემია, Covid-19, ატმოსფეროს დაბინძურება, ნარჩენების გადამუშავება, პლასტიკური ნარჩენები. 

* * *

მსოფლიოს წამყვანმა ეკონომისტებმა, ეკოლოგებმა, პოლიტოლოგებმა და სხვა სპეციალისტებმა დაადგინეს ძირითადი ფაქტორები, რაც  გლობალურ გავლენას მოახდენს კაცობრიობაზე უახლოეს პერიოდში. ისინი ერთხმად შეთანხმდნენ - ძირითადი ტრენდი გახდება ეკოლოგიური პრობლემები.

ეკოლოგებისათვის „ეპიდემიების ეფექტი“ უძველესი დროიდანაა ცნობილი. მაგალითად, VI საუკუნის დასაწყისში ბიზანტიაში, ეთიოპიაში, ეგვიპტეში „იუსტინიური ჭირი“ გავრცელებულა, რასაც 125 მლნ ადამიანის სიცოცხლე წაუღია, მაგრამ დადებითი შედეგიც მოუტანია ფლორასა და ფაუნისთვის: რომაელების მიერ ტყეების მასიური გაჩეხვა შეჩერებულა, თანაც ეპიდემიის პერიოდში გაჩეხილი მასივების აღდგენაც დაწყებულა და ამას არა მარტო ფლორა, არამედ უამრავი ჯიშის ცხოველიც გადაურჩენია. მსგავსი ეფექტი დღესაც შეიმჩნევა: დიდ ქალაქებში ისეთი ჯიშის ფრინველები დაბრუნდნენ, რაც დიდი ხანია არავის შეუმჩნევია, ათწლეულების მანძილზე პირველად 2020 წლის მარტში ვენეციის არხებში წყალი გახდა იმდენად გამჭვირვალე, რომ გამოჩნდა სიღრმეზე  მოცურავე თევზები - ეს მოხდა იმის შემდეგ, რაც იტალიაში შემოღებულ იქნა საყოველთაო კარანტინი, შეწყდა ტურისტების ჩამოსვლა და, შესაბამისად, აიკრძალა გონდოლების მოძრაობა ვენეციის არხებში.

უფრო მეტიც, ევროპული კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ არქტიკის თავზე ოზონის შრეში რეკორდული ზომის ხვრელი გაქრა. თანამგზავრული ფოტოები, რომლებიც აფიქსირებს ადამიანის საქმიანობის შედეგებს - გაზების გამონაბოლქვს ავტომობილებიდან, თვითმფრინავებიდან, ელექტროსადგურების და ქარხნების მიერ  მოხმარებული საწვავის კვალს და ა.შ. - ამჯერად აჩვენებს ჰაერის დაბინძურების საოცარ კლებას (სასათბურო გაზების გამოყოფა მსოფლიოში წელიწადში 54 მლრდ ტონას უტოლდება); როგორც კი Covid-19 ჩინეთის საზღვრებს გასცდა და მთელ მსოფლიოს მოედო, ავიამიმოსვლები ქვეყნებს შორის შემცირდა და შემდეგ აიკრძალა, რის გამოც 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ავიამგზავრების რაოდენობა 67 მილიონით შემცირდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ასოციაცია IATA-ს პროგნოზით მსოფლიო საჰაერო ინდუსტრია ამ წელს 113 მლრდ აშშ დოლარს დაკარგავს.

ავიაგადაზიდვების სტრუქტურაში დღევანდელი ცვლილებები, იმედია, გარკვეულ დადებით გავლენას მოახდენს ატმოსფეროს დაბინძურების დონეზე.

ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის ფინეთის CREA-ას მონაცემებით, 3 თებერვლიდან 1 მარტამდე СО2-ის გამოყოფა ჩინეთში შემცირდა 25%-ით, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების წინაამღდეგ მიღებულ ზომებთან. ასევე დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის (NO2) ძალიან მავნე გამოყოფის მაჩვენებლის შემცირებაც 20-30%-ით. ეს მაშინ, როდესაც სწორედ ჩინეთი არის დედამიწაზე ატმოსფეროს მთავარი დამაბინძურებელი (მასზე მოდის ჰაერში გაშვებული СО2-ის 30%).

ორგანიზაცია Cardon Brief-ის მონაცემებით, ჩინეთში მავნე აირების გამოყოფის შემცირების მსგავსი მაჩვენებელი ბოლოს 2008 წელს დაფიქსირდა. ამ დროს ჩინეთი ემზადებოდა პეკინის ოლიმპიადის ჩასატარებლად და დიდი ძალისხმევა გაიღო მსგავსი სიტუაციის შესაქმნელად (თუმცა, ეკოლოგები ხედავენ ამაში არა მხოლოდ დადებით, არამედ უარყოფით მხარესაც).

ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ ეკონომიკური ვარდნის შეჩერება პროვოცირებას გაუკეთებს ე.წ. „ბინძური“ დარგების დაჩქარებულ ზრდას, რომლებსაც ყველაზე სწრაფად შეუძლია ეკონომიკური ეფექტის გამოწვევა. მათი დასკვნებით, ატმოსფეროსათვის კორონავირუსის გამო ცოტაოდენი გაუმჯობესება მხოლოდ დროებითი მოვლენა იქნება. საკარანტინე ღონისძიებების შემცირებისთანავე ეკონომიკა მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულებს და მავნე აირების გამოყოფაც ისევ გაიზრდება. 2009 წლის კრიზისის დროს მსოფლიო მშპ 2.2%-ით დაეცა, მავნე აირების გამოყოფა 1.3%-ით შემცირდა, მაგრამ 2010 წელს ძველი მაჩვენებლები აღდგა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც პანდემიის პერიოდში მეტად მწვავდება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, პლანეტა ყოველწლიურად 2 მლრდ ტონა ნაგავს გამოყოფს, აქედან გადამუშავდება მხოლოდ 13.5%. უზარმაზარი მასა, მთელი მსოფლიო ნაგვის 40%, არანაირ უტილიზაციას არ ექვემდებარება და პირდაპირ ეკოლოგიაზე ზემოქმედებს, რა თქმა უნდა, უარყოფითად. განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ზოგჯერ 95%-მდეც ფიქსირდება. ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა პლასტიკურ მასებს უკავშირდება. იგი მთელი მსოფლიო ნაგვის 12%-ს შეადგენს, მაგრამ მსოფლიო ოკეანის დამანაგვიანებლებს შორის 90%-ს იკავებს.

სწორედ წელს, რიგ ქვეყნებში ძალაში უნდა შესულიყო პლასტიკის გამოყენების ახალი რეგულაციები, რომლებიც ბოლო წლებში ჩატარებულ სხვადასხვა კვლევებს ეყრდნობოდა.მაგალითად, არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ მრავალჯერადი პაკეტების 99% შეიცავს ჯანმრთელობისათვის მავნე ბაქტერიებს და ასევე წარმოადგენს მათი შესაძლო დაგროვების რისკის ჯგუფებს. ევროკავშირში იგეგმებოდა პოლიმერული კონტეინერების გამოყენების შემცირება. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი აპირებდნენ, უარი ეთქვათ ერთჯერად პლასტიკურ ჭურჭელზე. ამერიკის 20 შტატი გეგმავდა კანონით აეკრძალათ პოლიეთილენის პარკების გამოყენება. თუმცა დღევანდელი პანდემიის პირობებში ეს ქვეყნები გადახედავენ ამ რეგულაციების მიღების აუცილებლობას, პანდემიის დროს ერთჯერად ჭურჭელს ალტერნატივა არ გააჩნია. თანაც, როგორც კი ამუშავდება კაფეები და ბარები, ოფისები და სხვადასხვა დაწესებულებები ძირითადად ერთჯერადი ჭურჭლით ისარგებლებენ. ეს ჭურჭელი კი პლასტიკური შემადგენლობისაა, როგორც ორგანიზაცია Conserving Now აქვეყნებს, პლასტიკური პაკეტების დაშლის ფაზა ასეულობით წლები გრძელდება და მეორად გადამუშავებას 200 პაკეტიდან მხოლოდ 1 ცალი ექვემდებარება. წარმოიქმნება პარადოქსული სიტუაცია: ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენების შემცირება ზრდის კორონავირუსის გავრცელების რისკს, ხოლო მათი უპირატესი გამოყენება ზრდის ეკოლოგიურ რისკებს, ამიტომ აუცილებელია ჩატარდეს ზუსტი გათვლები და შემდეგ ისინი აუცილებლად იქნეს დაცული.

პანდემიას უკავშირდება კიდევ ერთი პრობლემა: მხოლოდ ერთჯერადი პირბადეების, ხელთათმანების, ხელსაწმენდების გამოყენება. მათი მრავალჯერადი გამოყენება ზრდის დაავადების გავრცელების რისკს. ამის გამო გროვდება მათი უზარმაზარი მასა. თანაც ცნობილია, რომ სამედიცინო ნარჩენების გადამუშავება აკრძალულია. ისინი სპეციალური წესით ნადგურდება. ამ პერიოდში  მთელ მსოფლიოში სწორედ სამედიცინო ნარჩენები გაიზარდა უამრავჯერ. მაგალითად, „პოპულარულ“ იუჰანში ზოგჯერ დღეში 200 ტონას აღწევდა.

შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ ვირუსი, რომელმაც მოკლა ათასობით ადამიანი და კარანტინში ჩასვა  მილიონები, რომელმაც დროებით, მაგრამ მაინც, გაასუფთავა გარემო, მნიშვნელოვნად შეცვლის კლიმატს. ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ პანდემია, აუმჯობესებს რა ეკოლოგიურ სიტუაციას დღეს, პროვოცირებას გაუკეთებს მის სერიოზულ გაუარესებას პერსპექტივაში. საქმე ისაა, რომ მკაცრი ეკოლოგიური ნორმატივები ყოველთვის ძვირი „სიამოვნებაა“, ამიტომ რეცესიის, უმუშევრობის ზრდის და სხვა კრიზისულ სიტუაციებში პრიორიტეტები თავისთავად იცვლება. ეკოლოგია ისევ გადადის იმ პრობლემათა რანგში, რომელზეც ეკონომიას ეწევა ყველა. ამით, რა თქმა უნდა, დიდი დარტყმა მიადგება „მწვანე“ ინიციატივებს, ასევე იმ საკონტროლო მექანიზმებს და ვალდებულებების შესრულებას მთელ მსოფლიოში, რომელიც გათვალისწინებულია „კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების“ დოკუმენტებში, რაც  მსოფლიოში ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გაშვების უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებათა ერთობლიობას წარმოადგენს. მსუბუქად რომ ვთქვათ, მათთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვეღარ მოიცლიან, როგორც ხდება ყოველი ეკონომიკური კრიზისის დროს.

აღნიშნული სიტუაცია თვითონ „მწვანე“ ტექნოლოგიების და ენერგიის აღდგენითი წყაროების სექტორს დაარტყამს. ინვესტიციები და მნიშვნელოვანი ინიციატივები ამ მიმართულებით უბრალოდ გაიყინება. მაგალითად, მოწინავე ანალიტიკურმა კომპანიამ სუფთა ენერგეტიკის დარგში BloombergNEF-მა უკვე შეამცირა 2020 წელს მზის ენერგიაზე მოთხოვნის ზრდის თავისივე პროგნოზი, რადგანაც პოლიტიკოსები და კორპორაციები სადღეისოდ  მოკლევადიან ეკონომიკურ სტიმულებზე გადაერთნენ გრძელვადიანების ნაცვლად.

ძირითადი, ყველაზე დადებითი დასკვნა, რაც შეიძლება გაკეთდეს, ის არის, რომ კიდევ ერთხელ პრაქტიკულად დამტკიცდა ერთი რამ - ეკოსისტემებს შეუძლია თვითაღდგენა, ოღონდ ამაში ადამიანი თუ ვერ დაეხმარება, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს. პანდემიამ, უბრალოდ, იძულებითი ფორმით, მაგრამ სრულიად თვალნათლივ აჩვენა ეკოლოგიურ პრობლემათა აღმოფხვრის რეალური შესაძლებლობები და გზები. მან აჩვენა, რომ ადამიანებს რეალური საშიშროების პირობებში შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი საქციელი, ბევრ კომპანიას - თავისი სტრატეგია და წესები, მთავრობებს - კანონები. როგორც პანდემიის, ასევე პოსტპანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდება სახელმწიფოს როლი და ამიტომ ისეთი გლობალური ხასიათის პრობლემების გადაჭრა, როგორიც ეკოლოგიურია, სწორედ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრეროგატივა ხდება. თუკი მათ მოახერხეს ასე სწრაფად მოეხდინათ რეაგირება ვირუსზე, მაშინ შესაძლებელი ყოფილა პრიორიტეტების შეცვლა და წინა პლანზე ბუნების მოფრთხილების წესების წამოწევა, კლიმატის ცვლილებებზეც მსგავსი ოპერატიული რეაგირება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. რ. აბესაძე. გლობალიზაცია და პანდემიის ეკოლოგიური პრობლემები. გაზ. „თბილისის უნივერსიტეტი“, 2020.
  2. ЭКОЛОГИЧЕСКИЕ РИСКИ https://kpfu.ru/portal/docs/F_314336800/Otchet.o.globalnykh.riskakh.2019.pdf
  3. на фоне изменения климата «сырьевые» страны должны диверсифицировать экономику http://eaiet.org/news/eaiet/2019-09-19-568 2019 ЮНКТАД:
  4. Доклад о торговле и развитии за 2019 год: финансирование «Глобального зелёного нового курса»https://roscongress.org/materials/doklad-o-torgovle-i-razvitii-za-2019-god- 02.12.2019
  5. Глобальные экологические проблемы современного мира и пути их решения https://yandex.ru/turbo?text=https%3A%2F%2Fvyvoz.org
  6. Экологическая картина на 2019 год Кузнецова Злата https://www.ecosever.ru/article/21083.html
  7. Экологические тренды 2019 https://vlv-mag.com/rubriki/ekologiya/ekologicheskie-trendyi-2019
  8. «ГЛОБАЛЬНАЯ ЭКОЛОГИЧЕСКАЯ ПЕРСПЕКТИВА» ООН 2019 https://np-mag.ru/news1/globalnaya-ehkologicheskaya-perspektiva-oon.
  9. Как пандемия коронавируса повлияла (и повлияет в будущем) на экологию:https://esquire.ru/articles/165113-kak-pandemiya-koronavirusa-povliyala-i-povliyaet-v-budushchem-na-ekologiyu-5-veshchey-kotorye-nuzhno-znat/
  10. Правда ли, что пандемия улучшила экологическую обстановку во всем мире? https://meduza.io/
  11. Как пандемия коронавируса может повлиять на климат нашей планеты https://www.rbc.ru/trends/green/5e73d27b9a7947f940241261
  12. Пандемия и окружающая среда: экология пластика http://rapsinews.ru/incident_publication/20200425/305756871.html
  13. Пандемия коронавируса: экономика VS экология  https://www.kp.ru/daily/27120/4202969/